ელენე ხოშტარია სასამართლოს მოლოდინშია. სამართალდამცველებმა ის ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს და ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც "დროას" ლიდერს ადვოკატი შეხვდა.
ელენე ხოშტარიას "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია რადიკალური ქმედებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
გადაიხდის თუ არა ელენე ხოშტარია გირაოს, მისი თანაგუნდელები შეკითხვას კონკრეტულად არ პასუხობენ და ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.
სწორედ სამართლებრივ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ მსგავს დანაშაულებზე, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პროკურატურა პატიმრობას არ ითხოვს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსამართლე გირაოს გადახდის სანაცვლოდ ელენე ხოშტარიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციონერს თანხის გადახდა არ გაუჭირდება და "დროას" ლიდერს რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებს ახსენებენ.
ელენე ხოშტარიამ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან, კახა კალაძის ბანერი 14 სექტემბერს დააზიანა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა.