ანტიკორუფციული ბიურო მოკვლევას იწყებს "სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს“ გარშემო, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და უარს ამბობს "ფარა-ს" ქართულ ანალოგში რეგისტრაციაზე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობს და რომლის წევრებიც აქტიურად მონაწილეობენ მათი ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.
ამავე ორგანიზაციის წევრია აქტივისტი, რომლის სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და კავშირები ევროკავშირის ელჩთან, რამდენიმე დღეა თბილისში შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკის მხრიდან ძალადობისა და რადიკალური აქტივისტების წახალისებაზე საუბრობს.
ანტიკორუფციული ბიუროს გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, "სოლიდარობის ფონდი PL საქართველო" არის იმ ორგანიზაციების ნუსხაში, რომლებიც გადის მონიტორინგს და მათ ამის შესახებ უკვე ეცნობათ.
"სოლიდარობის ფონდი PL საქართველო" არის იმ ორგანიზაციების ნუსხაში, რომლებიც გადის მონიტორინგს, როგორც "ფარა-ში" რეგისტრაციის თაობაზე, ასევე გრანტების მონიტორინგის კუთხით. მათ უკვე გაეგზავნათ შეტყობინება და ინფორმირებულები არიან, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი. არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ვალდებულება, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან, საქართველოს მთავრობისგან მიიღონ თანხმობა და ამის შემდგომ მათ მიიღონ ის ფულადი რესურსი, რომელიც უნდა მოხმარდეს კონკრეტულ აქტივობას. თუ გამოიკვეთა, რომ მიღებული გრანტი არის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებული, სასამართლოთი შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული. თუ გამოიკვეთა, რომ მიღებული გრანტი ხმარდება კონკრეტულ აქტივობებს, რომელიც შესაძლებელია იყოს პოლიტიკური აქტივობა, ამ შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია, მონიტორინგი განახორციელოს და დაავალდებულოს ორგანიზაცია, რომ კონკრეტული გრანტი დაარეგისტრიროს "ფარა-ში".
რაც შეეხება სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება და ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რომ გრანტი თანხმობის გარეშეა მიღებული, ამ შემთხვევაში, თანხის იმ ხელშეკრულების ოდენობით, რითაც არის გათვალისწინებული ეს გრანტის კონტრაქტი, ორმაგი ოდენობით ჯარიმდება გრანტის მიმღები ორგანიზაცია", - განაცხადა ბესიკ ვეკუამ.