07 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
"ვერცერთი პუნქტი ვერ გაამართლებდა იმას, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები წინასწარ გამოცხადებით ყოფილიყო გადახდილი და ამით წახალისებულიყო სამართალდარღვევა თუ უკანონო ქმედება" - ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი, ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საუბარი აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდას ეხებოდა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოიკითხა არასამთავრობო ორგანიზაციის არაერთი წარმომადგენელი.

"ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, "TBC ბანკმა" და "საქართველოს ბანკმა" გადმორიცხეს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" თანხა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა", - აცხადებს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" და "წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" ხელმძღვანელი, ლელა ცისკარიშვილი.

განცხადება გააკეთა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

"მისი დაკითხვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა მიღებული იქნა ამ ორგანიზაციის გამგეობაში. ანუ, ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში. და წინასწარ გამოაცხადეს, რომ, ამ აქციებთან დაკავშირებით სამართალდარღვევებზე, მზად იყვნენ, რომ დაეფარათ ეს ფინანსური ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არც უარუყვია და ისედაც, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ეს ჯარიმები გადახდილია. არ არსებობს წესდებაში კონკრეტული პუნქტი, რომელიც გაამართლებდა იმას, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები წინასწარ გამოცხადებით ყოფილიყო გადახდილი და ამით წახალისებული ყოფილიყო კონკრეტული სამართალდარღვევა თუ უკანონო ქმედება", - აცხადებს ლაშა კოტრიკაძე.

 

 

დღის ამბები