09 აგვისტო 2026,   23:33
ვრცლად
4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. კახა კალაძემ მოსახლეობას ამჯერად მუშტაიდის ბაღში შეხვდა. განიხილა სამომავლო გეგმები და ისაუბრა უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდნენ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები, შოთა ქევხიშვილი და გივი ჩხარტიშვილი.

კახა კალაძის თქმით, 4 ოქტომბერს ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.

"მიხარია, რომ ამდენ თანამებრძოლს ვხედავ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა, ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით და ბრძოლით მოიპოვეს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. გრძელდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დავიცვათ თითოეული თქვენგანის, ჩვენი შვილების - აი, ამ პატარების მომავალი და ინტერესები. რა თქმა უნდა, ბევრია გამოწვევა, თბილისი ძველი ქალაქია თავისი ძველი, ავარიული შენობა-ნაგებობებით, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომლებმაც წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბაგა-ბაღების მშენებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, უამრავ, ათიათასობით ოჯახს ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, ადამიანები, რომელსაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. მთავარი მაინც არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს ქვეყანაში და დედაქალაქში. თუმცა, მანამ ამის საჭიროება არსებობს, არავის, არცერთ მათგანს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას გვერდით დავუდგებით.

ვერავინ და ვერაფერი, ვერც გარედან და ვერც შიგნიდან, ვერავინ ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას, ვერავინ ვერ შეძლებს რევოლუციების მოწყობას, ვერავინ ვერ შეძლებს ხელისუფლების დამხობას, რადგან შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ, რომ თქვენ - ქართველი ხალხი დგახართ ჩვენს გვერდზე. თქვენ, თქვენი ყოველდღიურობით, თქვენი ყოველდღიური ნაბიჯებით ქვეყანაში იცავთ მშვიდობას და სიმშვიდეს. მე მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები