13 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმე - კორუფციული სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა

გლდანში, ზარზმის ქუჩაზე მდებარე ბინაშია რეგისტრირებული კორუფციულ სქემაში ჩართული კომპანია - "ბი პი ტრანსი". "კურიერი" დღეს მისამართზე მივიდა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ბიუჯეტიდან 4 მილიონ 200 ათასი ლარის მითვისებაში დადანაშაულებული ორგანიზაცია რომ, ფორმალურად, ნამდვილად ამ მისამართზეა, ამას საფოსტო შეტყობინება ადასტურებს, რომელიც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ბინის კართან დახვდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ კომპანიის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაა, 100-პროცენტიანი წილის მფლობელი კი - ამჟამად მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე.

მრავალმილიონიანი კორუფციული სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული იყო კომპანიაა "ბი პი ტრანსის" ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ამავე კომპანიის მენეჯერი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დროს, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესში, თაღლითურად მიითვისეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი.

თაღლითობის საქმეში დაკავებული 5 პირი ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია, მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს კი ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ 20-ტომიანი საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ. შესაბამისად, დაკავებულების და მიმალვაში მყოფის პოზიციაც, ჯერჯერობით, უცნობია.

ირკვევა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და ამჟამად მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ნათესავია. "კურიერი" დღეს ვანში, მის საცხოვრებელ სახლთანაც იყო, თუმცა მეზობლებს პაიკიძე დიდი ხანია აღარ უნახავთ.

ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, თუმცა, როგორც ადგილზე ადასტურებენ, ის სამსახურში ბოლო 2 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა.

"კურიერი" ვანის მუნიციპალიტეტში "ბი პი ტრანსის" ავტოსადგომზეც მივიდა. სავარაუდოდ, იქ იმყოფებოდნენ კომპანიის თანამშრომლებიც, თუმცა კამერასთან საუბარი არ ისურვეს.

თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციულ გარიგებებში მონაწილე პირებს მიმართავს და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეში დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

 

 

დღის ამბები