სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეში ბრალდებულ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სხვა დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ადვოკატებთან ერთად მოხდა.
საქმეზე დაკავებულია 5 პირი - "ბიპი ტრანსის" დირექტორი, ამავე კომპანიის მენეჯერი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა 4 მილიონზე მეტი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დროს, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესში, თაღლითურად მიითვისეს.
დაკავებულებს ბრალის ოფიციალური დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ცოტა ხნის წინ გააცნეს.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბიჭიკო პაიკიძის უშუალო ჩართულობით ხდებოდა. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ პაიკიძემ საქართველო რამდენიმე თვის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
"ედავებიან გარკვეული თანხების მითვისებას, მასალები არის მოცულობითი. გადმოგვეცა დაახლოებით 21 ტომი. ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის სავარაუდოდ, ცნობილი პიროვნებაა. მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბატონი პაიკიძე გაფრთხილებული არ ყოფილა არავის მხრიდან. ბატონი პაიკიძის საქართველოს დატოვება უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას," - აცხადებს ირმა ჭკადუა.
კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი დაკავებულის, ვალერიანე კვარაცხელიას ადვოკატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
"ბრალდების წარდგენის შემდგომ, ჩვენება არ დაფიქსირებულა, ვინაიდან, იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დირექტორის პოზიციას კომპანიაში იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდან. რაც ნიშნავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარკვეული სახის ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გახდებოდა უფლებამოსილი პირი," - აცხადებს ადვოკატი.
ავტორი: ნანა გოგატაძე