ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ისტორიული არეალების განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია - ეს მერიის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის საკვანძო საკითხებია. კახა კალაძე ამბობს, რომ ორივე მიმართულება მიღწეულ შედეგთან ერთად სამომავლო გამოწვევაცაა.
მომდევნო ოთხი წლის გეგმის ფარგლებში დედაქალაქს 200 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი დაემატება. ექსპლუატაციაში შევა მეტროს 111 ახალი ვაგონი. ცოტნე დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს ახალი ხიდი დააკავშირებს. ქალაქში გამოჩნდება ტრამვაიც, რომელიც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ "დიდუბემდე" იმოძრავებს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით აღარ იქნება არცერთი ავარიული ლიფტი.
მომავალი მერის გეგმებს სრული მხარდაჭერა აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. პრემიერ-მინისტრი გასული რვა წლის საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მომდევნო ოთხი წელი სიახლეებით დატვირთული იქნება. კახა კალაძის დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარესაც.
კახა კალაძემ სამომავლო გეგმების გაცნობა დაასრულა. პრეზენტაციის შემდეგ ის გუნდიც წარმოადგინა, ვინც დედაქალაქის მთავრობაში მასთან ერთად მომდევნო ოთხი წელი იმუშავებს.