ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა, რომელიც თითქმის ორ საუკუნეს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის პირველი კატეგორიის ძეგლია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს, ხოლო მუზეუმში დაცული საგანძური თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებს მოითხოვს.
კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმის შენობა მოინახულა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თინათინ რუხაძემ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად მზადყოფნა გამოხატა.
მუზეუმიდან საგანძურის ძირითადი ნაწილი ევაკუირებულია. კოლექციები, მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, ამჟამად II და III კორპუსშია გამოფენილი.
მუზეუმში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული საგანძურის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.
მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.