ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილები ახლო ნათესავები არიან. პროკურატურამ მათ თაღლითური გზით სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინა.
ბრალდებულები დუმან, თუმცა მრავალტომიან საქმეში მათ წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა. დგინდება, რომ, შპს “ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით, კომპანიის დირექტორმა ბესიკ ბერძენიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირმა, ალექსანდრე ბერძენიშვილმა, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ არაერთ ტენდერში გაიმარჯვეს, რომლის საერთო ღირებულება 94 მილიონს აღემატებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ სახელმწიფოსგან ავანსის გამარტივებული წესით მიღებაც მოახერხა, თუმცა გაცემული 11 მილიონიდან 9 მილიონი უკანონოდ მიითვისა.
"ლაგი კაპიტალს" ხაშურსა და გორში სადავო ტენდერები 2023 წლიდან აქვს მოგებული. საუბარია 30 ბაღის და 4 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სადაც წესით ახლა ბავშვები განათლებას უნდა იღებდნენ, არცერთ შემთხვევაში, არც მშენებლობა დასრულებულა და არც ობიექტის რეაბილიტაცია. მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები ბოლო წლებია სხვა დაწესებულებებში ჰყავთ გადანაწილებული. მათი ტრანსპორტირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრებია გამოყოფილი.
"ლაგი კაპიტალთან" დაკავშირებულ კორუფციულ სქემას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა. დეპუტატი ცილისწამებას უწოდებს ოპონენტების ბრალდებას, თითქოს თანხების მითვისებასთან კავშირი აქვს მის ნათესავს. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ დანაშაული 2023 წლიდან პერიოდს მოიცავს, აღნიშნულ კომპანიაში კი საკუთარი წილი ირაკლი ზარქუას სიძემ დიდი ხნით ადრე გაასხვისა.
ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.