07 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა.

დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის თანხის გადაცემა დაევალა.

ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი სოფო ქურთაული აცხადებს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

"გავასაჩივრებთ არსებულ განჩინებას უზენაეს სასამართლოში, ჩვენ ვითხოვდით პირველ ინსტანციაში საქმის უკან დაბრუნებას, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ საქმე უნდა განხილულიყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ საკასაციო წესით,"- აცხადებს სოფო ქურთაული.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქონება მიითვისა.

"საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ სასამართლოში მიმდინარეობს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის სასარჩელო მოთხოვნების განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნები განიხილება გამარტივებული წესით, რადგან ასეთ განხილვებს წინ უსწრებს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილმა მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 000-მდე ბიტკოინი,"- აცხადებს წიქვაძე.

დღის ამბები