რა გარიგება შედგა პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის - დეტალები სუს-მა გაავრცელა. გამოძიების მიხედვით, გიორგი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილს საკანში სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი ფიზიკური ანგარიშსწორების ინსცენირებისთვის შეუსახლა. მიზანი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გავრცელება იყო, როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა, ქემოკლიძისა და ბაჩიაშვილის ეს გეგმა ჩაიშალა.
სწორედ ამ მცირე დაპირისპირებაზე საუბრობდა გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში. ამტკიცებდა, რომ მას საკანში თავდასხმა მოუწყვეს. რა პოზიცია აქვს ახლა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორს, უცნობია. მისი უფლებადამცველები "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
სამეთვალყურეო კამერები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მართლაც გათიშული იყო. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, ესეც თავად პატიმრისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის შეთანხმების საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ითქვა ისიც, რომ კამერების გათიშვის გარდა, გიორგი ქემოკლიძის დავალებით, საკანში ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა მთლიანად წაიშალა.
ვიდეომასალის წაშლის პარალელურად, სუს-ის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა და გიორგი ქემოკლიძემ როგორც გამოძიებას, ისევე საზოგადოებას, 2 პატიმრის შესახლების შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.
სუს-მა გიორგი ქემოკლიძე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დააკავა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.