06 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
მეოთხე საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "აპრილი" გახსნის - ოთხი დღის განმავლობაში თორმეტი ქვეყანა საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარადგენს

პოეტური, ფილოსოფიური და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეული ფილმი, რომელშიც ოთარ იოსელიანის გენიალური ხელწერა იბადება. "აპრილი" დროს უძლებს და 60 წლის შემდეგ, შავ-თეთრ კადრებში მაყურებელს კვლავ საკუთარ თავს აჩვენებს.

რიგით მეოთხე, საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს სწორედ "აპრილი" გახსნის. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა "საავტორო კინოა", ეძღვნებათ რეჟისორებს, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის კინო მემკვიდრეობაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ფესტივალის დღეებში მაყურებელს საარქივო ფილმების უძველესი ნიმუშების ნახვის საშუალება ექნება.

ოთხი დღის განმავლობაში, თორმეტი ქვეყანა საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარადგენს, მათ შორის, გერმანიის, პორტუგალიის მალტისა და ბელგიის სამეფო არქივია, რომელიც ქართველ მაყურებელს შარლ დეკოიკელერის შემოქმედებას გააცნობს.

გამორჩეული პროგრამით წარდგება პოლონეთის კინოარქივი - ჩვენებისთვის კრაკოვის ანიმაციური ფილმების სტუდიაში შექმნილი ნამუშევრები სპეციალურად შეირჩა და დასკანერდა.

ღონისძიება ქართული პროგრამის მეორე სეანსით დაიხურება. "მიქელა" ელდარ შენგელაიას პირველი ფილმია, რომელიც 1965 წელს, კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ფესტივალზე ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს.

თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალი 21 ოქტომბერს გაიხსნება. კინო ჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.

დღის ამბები