ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აუდიტის დასკვნის საფუძველზე აღიძრა. ზურაბ კაკაბაძეს, პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი, თითქმის ნახევარი მილიონი ლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, გაერთიანების ყოფილმა პრეზიდენტმა, 2019-21 წლებში, ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარი, სხვადასხვა ბანკომატიდან გამოიტანა და მიისაკუთრა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იკვლევდა, იყო თუ არა 2019-21 წლებში ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობა კანონიერი და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისი. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ფედერაციას არ ჰქონდა სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. არ აღურიცხავს 5 ორგანიზაციის მიმართ არსებული 292 169 ლარის დავალიანება.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, წინ უძღოდა კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნა. გაერთიანების საქმიანობისა და ფინანსური ოპერაციების შესწავლა 2021 წელს, ხელბურთის ფედერაციის ახალმა მენეჯმენტმა მოითხოვა. სახელმწიფოს კუთვნილი თანხა, რომელიც ზურაბ კაკაბაძემ უკანონოდ მიითვისა, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ფედერაციის იმდროინდელი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ზურაბ კაკაბაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო. დახარჯული ნახევარი მილიონიდან კი მხოლოდ 40 000 ლარი დააბრუნა. დიდი ფინანსური რესურსის მქონე კაკაბაძემ 45-ჯერ გადაკვეთა საზღვარი, რაც ბრალდების მხარის თქმით, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ქმნის. საპირისპიროს ამტკიცებდა დაცვის მხარე, რომელიც ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა.
ფედერაციების საქმიანობის შესწავლის პროცესში ჩართულია სპორტის სამინისტრო. უწყების ხელმძღვანელის თქმით, შემოწმდება ყველა გაერთიანების მიმდინარე და გასული წლების საქმიანობა, ფინანსური დარღვევის შემთხვევაში კი, თითოეულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ზურაბ კაკაბაძეს, რომელიც ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2012-21 წლებში იკავებდა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.