ნარკოტიკის სამალავად გამოყენებული სველი ხელსახოცები და 250 კილოგრამი ამოღებული "ჰეროინი". სამართალდამცველებმა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
ამოღებული "ჰეროინის" ღირებულება შავ ბაზარზე 80 მილიონი ლარია. ნარკოდანაშაულის კვალზე სამართალდამცველები, მაშინ გავიდნენ როდესაც "ჰეროინით" დატვირთული სატვირთო, წითელი ხიდიდან საქართველოში შემოვიდა.
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ბათუმში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გამთენიისას ჩატარდა. თავდაპირველად საეჭვო ავტომობილი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეაჩერეს, სატვირთოს დათვალიერებისას კი საგულდაგულოდ დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს.
გახსნილ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმის დეტალებზე დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგანძოებო მოქმედებები სამართალდამცველებმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს. უწყებაში ამბობენ, 250 კილოგრამი "ჰეროინის" გადატანის ფაქტის აღკვეთა იმას ადასტურებს, რომ საბაჟო საზღვარზე, ყველა ტვირთი განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.
80 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკის საქმეზე ჩხრეკა დაკავებულების საცხოვრებელ სახლებშიც ჩატარდა. პოლიციამ ერთ-ერთის ბინიდან 2 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" ამოიღო. სამართალდამცველები ახალ, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებს ატარებენ.
დაკავებულები ახალ, დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან და უახლოეს საათებში მათ ბრალს წარუდგენენ. გამოძიება მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე მიმდინარებს. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.