07 აგვისტო 2026,   01:48
ვრცლად
დაკავებები გზის გადაკეტვისთვის - 20-მდე დაკავებულს სხვადასხვა სასჯელი გამოუტანეს

გზის გადაკეტვის გამო დაკავებული 20-მდე პირის საქმეების უმეტესობა, სასამართლომ უკვე განიხილა. უმრავლესობას 3-დან 14 დღემდე პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მსგავსი ქმედების განმეორება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს ითვალისწინებს.

გამკაცრებული კანონების მიუხედავად, რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზა გუშინ საღამოსაც გადაკეტეს. კანონდარღვევისთვის რამდენიმე ადამიანი დღეს დილიდან აიყვანეს.

დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები, ქვეყნის ფარგლებს გარედან ფინანსდება. კახა კალაძემ დემონსტრანტებს კანონი დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა.

სასამართლოს მოლოდინშია 2 დღის წინ დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე. მას პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე, ბრალი უკვე წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, ის თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ლორთქიფანიძე იმავე დღეს დააკავეს. წარდგენილი ბრალი სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, გზის გადაკეტვის მცდელობაში, კანონდარღვევას ვერ ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მოქალაქეები კონსტიტუციური უფლებით სარგებლობენ.

აქციის მონაწილეების მხრიდან, კანონის მიზანმიმართულად დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო ჯგუფ "ხალხის ძალის" წევრები. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რადიკალური ქმედებები უნდა დასრულდეს.

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის შემთხვევაში აქციის მონაწილეებს ჯარიმის ნაცვლად, უკვე 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, პირი პასუხს სისხლის სამართლის კოდექსით აგებს.

დღის ამბები