07 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
რატომ ვერ აშენდა სააღმზრდელო დაწესებულებები - საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

დანგრეული შენობები ახალი საბავშვო ბაღების ნაცვლად და და რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი სკოლები - საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების საქმეზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა. მათ შორისაა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

საუბარია 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლების და 1 211 000 ლარის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

მილიონობით ლარი სახელმწიფომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების ასაშენებლად და სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყო. სოფელი გუთური, გოგოლესუბანი, ზომლეთი, გურიანთა, შრომა, დედოფლისწყარო, ტირძნისი, ატენი - ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც ახალი სააღმზრდელო დაწესებულებები უნდა გახსნილიყო.

რატომ ვერ აშენდა სააღმზრდელო დაწესებულებები - ამ კითხვაზე პასუხი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასცა. კორუფციული სქემა ასეთია- მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2023-2024 წლებში, შპს "ლაგი კაპიტალზე" საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 11 218 380 ლარის ავანსი გასცა, თუმცა კომპანიას არც მანამდე აღებული თანხა ჰქონდა მიზნობრივად დახარჯული და ვალდებულებაც შეუსრულებელი დარჩა. გამოძიების ინფორმაციით, ფონდი ამის შესახებ თავიდანვე ინფორმირებული იყო.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდეგ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს, მუნიციპალური ფონდის პროგრამის და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერებს. ირკვევა, რომ ორივე მათგანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების გირაო უკვე შეუფარდა.

ითანამშრომლებს თუა რა გამოძიებასთან დავით ტაბიძე? - ამ ეტაპზე უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს ბრალი ოფიციალურად დღეს უკვე წარუდგინეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის საქმეზე, უკვე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდების მხარე დავით ტაბიძის მიმართ წინასწარ 2-თვიან პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა, იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.

დავით ტაბიძის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორი პირის დაკავებამდე, რამდენადმე დღით ადრე საგამოძიებო სამსახურმა შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირებიც აიყვანა. კომპანია, რომელიც კორუფციულ სქემაში იყო ჩართული, თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე რეგისტრირებულ მისამართზეა, თუმცა ადგილობრივებს შპს "ლაგი კაპიტალის" შესახებ, არაფერი იციან.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები