"დღეს, პროკურატურამ თავად დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. მას შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით," - ამის შესახებ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, თამარ გაბოძემ განაცხადა, რომელიც ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს.
ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
"ჩვენ გვქონდა სასამართლოსთვის მომზადებული შუამდგომლობა, სადაც ვითხოვდით ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ჩვენ სასამართლოს გუშინ საღამოს შევატყობინეთ. ასევე, საჯაროდ გახდა ცნობილი ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს, პროკურატურამ თავად დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. მას შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. რუსთავში მივდივართ ახლა, რომ გავარკვიოთ, როგორ შეძლებს ნინო დატოვოს დაწესებულება და ხომ არ არის საჭირო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. დღესვე დატოვებს ნინო [პენიტენციურ დაწესებულებას]", - აცხადებს ნინო დათაშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრალდებული ნინო დათაშვილი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სასამართლოს პროკურატურამ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა. ნინო დათაშვილი დააკავეს 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით.