უნიკალური დიზაინის, ფერების, ისტორიისა და კულტურის შერწყმა ერთ სივრცეში. გამოფენაზე წარმოდგენილი თორმეტი ნამუშევარი სიმბოლურ სიუჟეტურ ხაზებსა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას აერთიანებს.
ბოლნისის მუზეუმი ცნობილი გრაფიკოსის, არიფ ჰუსეინოვის უნიკალურ ექსპოზიციას მასპინძლობს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ხალიჩის შექმნის პროცესს გაეცნოს.
გამოფენის ფარგლებში, აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნულმა მუზეუმმა ხალიჩა წარმოადგინა, რომელიც არიფ ჰუსეინოვის გრაფიკული სურათის - „ორი გული“ -ისტორიის მიხედვითაა შექმნილი. ეს მხატვრის პირველი ნამუშევარია. ხალიჩა რთული კომპოზიციით გამოირჩევა და 70-ზე მეტი ფერის ტონალობას აერთიანებს.
ღონისძიების პარალელურად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ხალიჩების მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი ერთობლივი გამოფენების მოწყობა და სამუზეუმო, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.
ექსპოზიცია საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.