სასტუმრო-აპარტამენტი, "კრისტალ ჯგუფმა" ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, გამოძიების ინფორმაციით, ნებართვის გარეშე ააშენა. დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასტუმროს მფლობელი დააკავა. საქმეში დევს კონკრეტული მტკიცებულებებიც. გამოძიებით ირკვევა, რომ ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე 5 სასტუმრო, კერძო საბაგირო და სათხილამურო გზა მოეწყო, რომლის გამოყენება მხოლოდ "კრისტალ ჯგუფის" სასტუმროების სტუმრებს შეეძლოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელია. "კურიერი" დღეს ბაკურიანში ჩავიდა. სასტუმროში, რომელიც სტეფნიანს ეკუთვნის, მომხდარზე საუბარი არ სურთ.
აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული ბიზნესმენი, ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე პოზიციას ბრალის წარდგენისა და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.
გამოძიების ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტის რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის კი დადგენილია მილიონ 895 000-მდე ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბიზნესმენი ამ დროისთვის ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის მოლოდინშია.