მაკა მოხევიშვილმა "სფერო ინვესტის" ანგარიშზე 18 ათასი დოლარი ჩარიცხა. მარტოხელა დედა ამ თანხას წლები აგროვებდა. დაზარალებული "კურიერთან" ყველა, რომ ბინის გირაობა სურდა, საუკეთესო ვარიანტი კი "სფერო ჰოლდინგმა" შესთავაზა. პირველივე შეხვედრაზე გაფორმდა ხელშეკრულებაც. კომპანიის თანამშრომლებმა, დაზარალებულს გირავნობის ალტერნატივა შესთავაზეს, 18 ათასი დოლარი გადაახდევინეს და ბინა უქირავეს თუმცა დროებით. 1 წლის შემდეგ, "სფერო ინვესტმა" მაკა მოხევიშვილს არც ბინის ქირა გადაუხადა და არც კუთვნილი 18 ათასი დაუბრუნა.
მაკა მოხევიშვილი ერთ-ერთია და არა ერთადერთი, ვინც ათიათასობით დოლარი "სფერო ინვესტში" დააბანდა. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ კომპანიამ მათი ნდობა სოციალურ ქსელებში რეკლამებით მოიპოვა, ამის შემდეგ კი ხელშეკრულებები გააფორმეს. დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე თანხებს შეგრაცხავდნენ, კომპანია კი მათთვის მესამე პირებისაგან ბინებს ქირაობდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, "სფერო ინვესტს" დაზარალებულებისთვის დაბანდებული ფული უკან უნდა დაებრუნებინა.
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი უკვე პატიმრობაშია. გივი წულეისკირს გამოძიება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას ედავება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია "სფერო ინვესტის" დირექტორის მიმართაც. გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდება. ადვოკატების ინფორმაციით, არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს .
ბრალდებულები ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს. გამოძიებით დადგინდა, რომ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელმა და "სფერო ინვეტის" დირექტორმა, 250-მდე ადამიანი დააზარალეს, მიყენებული ზიანი კი 12 მილიონ ლარს აღწევს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქეებთან უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის ხელშეკრულების გარდა, კაპიტალდაბანდების ხელშეკრულებებიც გააფორმეს, მაგრამ ნაკისრი ვალდებულება არც ამ შემთხვევაში შეასრულეს.
"სფერო ჰოლდინგის" საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე