ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა - სამძებრო ოპერაციაში ერთობლივად არიან ჩართულები საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ძალები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი ოცივე პირი, მათ შორის სამხედროები და ეკიპაჟის წევრები. შექმნილია ოპერატიული შტაბი. ღონისძიებებს ადგილზე ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს "ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
"სამძებრო-საგამოძიებო ქმედებებისთვის არეალი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით გვიწევს მუშაობის გაგრძელება, რაც სავარაუდოდ, გამოძიების ინტერესებიდან მომდინარეა", - ამბობს "კურიერის" ჟურნალისტი ნათია წითელაური შემთხვევის ადგილიდან.
ცოტა ხნის წინ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რაც მედიაშიც ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბორტზე მყოფი ოცივე პირი არის გარდაცვლილი, მათი ვინაობაც გასაჯაროებულია. ამ დროისთვის, სავარაუდოდ, სამართალდამცველები, ნაპოვნი ცხედრების გადმოსვენების ოპერაციას ახორციელებენ. ღონისძიებაში ჩართული არიან როგორც ქართული, ასევე თურქული და აზერბაიჯანული მხარეები.
რაც შეეხება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს, ოფიციალური განცხადებები ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა უცხოურ მედიაში აქტიურად განიხილავენ არაოფიციალურ ვერსიებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა იყოს ბორტზე ტვირთის არასწორი გადანაწილება, ან შესაძლოა თვითმფრინავის გაუმართაობა.
ავიაკატასტროფის ადგილზე ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრები ხელმძღვანელობენ. როგორც ცნობილია, ისინი ცოტა ხანში მედიასთან კომენტარს გააკეთებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.