გიორგი გახარიას ინტერესების დამცველებმა ბრალის დადგენილება უკვე ჩაიბარეს. სისხლის სამართლის საქმე გერმანიაში ემიგრირებული ექს-პრემიერის წინააღმდეგ ე.წ. 20 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდებზე აღიძრა. საუბარია თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამაც ერთ შემთხვევაში რამდენიმე ასეული მოქალაქის ჯანმრთელობა, მეორე შემთხვევაში კი, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები განზრახ დააზიანა.
გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოების შესახებ დღეს ბრიფინგი თავად გენერალურმა პროკურორმა გამართა. გიორგი გვარაკიძემ განმარტა, რომ ე.წ. 20 ივნისის საქმე, ხელახლა, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით გადაიხედა. ჩატარდა ასობით საგამოძიებო ექსპერიმენტი და დადგინდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.
სტრასბურგის სასამართლომ, მიმდინარე წელს 20 ივნისის საქმე სახელმწიფო შენობაზე შტურმად შეაფასა, რომელზე რეაგირებაც კანონიერი იყო, თუმცა კითხვის ნიშნები საპოლიციო ძალის პროპორციულ გამოყენებაზე დასვა. არქივი, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურორების ინტერვიუებთან ერთად, მმართველი ძალის ლიდერების განცხადებებსაც ინახავს, სადაც გახარიას მხრიდან პოლიციისა და სახელმწიფოს მიზანმიმართულ დისკრედიტირების მცდელობაზეა ეჭვები გამოთქმული.
კიდევ ერთი ეპიზოდი გახარიას ბრალში ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს მოწყობას ეხება. პროკურორის განმარტებით, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრიც იყო, საგუშაგოს მშენებლობა პრემიერთან და სხვა უწყებებთან შეუთანხმებლად დაიწყო. შედეგად, ოკუპანტებმა დაიკავეს ირგვლივ სტრატეგიული სიმაღლეები და 100 ჰექტარი ტყის ნაკვეთი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა მოექცა. გიორგი გვარაკიძის თქმით, 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში გახარიას ქმედებამ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე გააჩინა.
ჩორჩანას საქმე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დროებით საპარლამენტო კომისიაზეც. ინციდენტზე თავად გიორგი გახარიაც გამოიკითხა. ადგილობრივებმა ღიად თქვეს, რომ ტყე, რომლითაც ისინი საგუშაგოს მშენებლობამდე სარგებლობდნენ, 6 წელია მათთვის დახურული ზონაა. 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენების შეფასების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ არც ის გამორიცხა, რომ გახარია გარე ძალების დავალებით მოქმედებდა, მიზანი კი, პროცესების ესკალაცია იყო.
გერმანიაში მცხოვრები გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ექს-პრემიერს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 333-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.