07 აგვისტო 2026,   09:00
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრს ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინელმა კოლეგამ უმასპინძლა - შეხვედრაზე თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს

საქართველოს განათლების მინისტრს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიწყება განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა.

შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადებას, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებას და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინური ენის სწავლების განვითარების კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვა.

დღის ამბები