გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა გადაწყვეტილება 15:00 საათზე გამოაქვეყნა. დავა, რომელიც Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მრავალი წელი გრძელდებოდა, საბოლოოდ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გამარჯვებით დასრულდა. 68-გვერდიანი სამართლებრივი დასაბუთების თანახმად, სასამართლომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უპირობოდ, ყველა პუნქტში გაამართლა და უფრო მეტიც, Credit Suisse-ის კეთილსინდისიერი კლიენტისა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრედიტორის ძარცვასთან ერთად, ფინანსური და მორალური ნორმების ყველანაირი პრინციპების დამრღვევად მიიჩნია. ერთხმად უარყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ, Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიის, CS Life-ს საჩივარი და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.
საერთაშორისო არბიტრაჟი სამართლებრივ დასაბუთებაში წერს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე, რომელშიც პატრიკ ლესკადრონი ფიგურირებდა - Credit Suisse-ში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის პირადი ბანკირი.
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თავად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ინტერესების დამცველისთვის. თეიმურაზ წიქვაძე, გავრცელებულ განცხადებაში, სამართლებრივთან ერთად, აქცენტს აკეთებს საქმის პოლიტიკურ შინაარსსა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიმართ, ჩრდილოვანი მმართველების გავლენით, წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟზე, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეეზღუდა საკუთარი ფულის განკარგვის საშუალება.
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ადვოკატი ამბობს, რომ მას და მის მარწმუნებელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინი არ აქვთ. ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ამერიკული სანქციები მოუხსნან, თუმცა, მის ნაცვლად, არაფორმალურმა მმართველებმა შესაძლოა, ბრიტანული სანქციები გამოიყენონ.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიმდინარე ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს პრემიერ-მინისტრიც. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხის დაბრუნების გარანტია არ არის.
საბანკო სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს Credit Suisse-ის გამოყენებით წარმოებულ რეკეტად მიიჩნევს. თუმცა, მმართველი პარტიიდან დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ, შანტაჟისა და ნებისმიერი შეზღუდვის მიუხედავად, ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამოკიდებულება უცვლელი დარჩება.
დიდი ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 68 გვერდისგან შედგება, 31 კონკრეტულ ფაქტობრივ დასკვნას შეიცავს. თავად Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი დავები კი, ლონდონამდე, ჯერ ბერმუდას, შემდეგ კი სინგაპურის სასამართლოში მიმდინარეობდა.