07 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
"ბრალდების მხარემ კვლავ მოითხოვა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა" - პროკურორი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების პროცესი იმართება. დღის პირველ ნახევარში სასამართლომ 54 ბრალდებულიდან 27-ის საქმე განიხილა.

ყველა მათგანის მიმართ შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა, ადვოკატები კი გირაოს შუამდგომლობას აყენებდნენ. დაკავებულებს ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ბრალდებათ.

პროკურორი როინ ხინთიბაძე აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა.

"ბრალდების მხარემ კვლავ მოითხოვა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

ჩვენი ძირითადი არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ მათი მხრიდან იყო როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე. ახალი დანაშაულის საფრთხე ეფუძნებოდა იმას, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ უკვე დანაშაულები: ფიზიკური ზიანი პოლიციის მიმართ, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ა.შ

ამ ყველაფერზე არის ვიდეომტკიცებულებებიც, რაზეც ჩატარდა ექსპერტიზა და ამით დასტურდება, რომ ნამდვილად ისინი არიან ვიდეო ჩანაწერებზე,"- აცხადებს ხინთიბაძე.

დღის ამბები