ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში პირველ საათზე დაიწყო. 11 ბრალდებულიდან განსასჯელის სკამზე მხოლოდ ორი - პაატა ბურჭულაძე და ირაკლი შაიშმელაშვილი არ ისხდნენ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ბურჭულაძემ საკუთარ პროცესში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა, შაიშმელაშვილის ადვოკატმა კი, შუამდგომლობის სახით, ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნის დისტანციურად ჩართვა მოითხოვა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეჭრა, სამართალდამცველებზე ძალადობა, ქუჩის ინვენტარის დაზიანება და დაწვა - 4 ოქტომბრის ღამის ამსახველი კადრები მრავალტომიანი საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამ საქმეში ბრალდებული არც ერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს და ეს დღევანდელ პროცესზე თავადაც დაადასტურეს.
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმეში მტკიცებულებების არსებობაზე მიუთითებს დაცვის მხარე. სახელმწიფო ბრალდება კი მრავალ ტომში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე, ექსპერტიზების დასკვნებსა და ვიდეოჩანაწერებზე აპელირებს. პროკურორის განცხადებით, საქმეში განსასჯელის სკამზე მჯდარი ყველა პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს.
4 ოქტომბრის სამართლებრივი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ძალადობრივ აქციებში მონაწილე ყველა პირი უდანაშაულოა.
გარედან მართული, წახალისებული და დაფინანსებული შტურმი - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს რევოლუციის მორიგი მცდელობა ჩავარდა. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილეთა მიზნები და სტრატეგია უკვე გამოაშკარავდა, და ამ საქმის ირგვლივ ინტერპრეტაციები უნდა დასრულდეს.
4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ კი ორბელიანის სასახლესთან გადაინაცვლეს და საპრეზიდენტო რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს. ძალადობრივი ქმედებებიდან მალევე, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, აქციის 40 ზე მეტი მონაწილე და ორგანიზატორები - მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
ავტორი: ნანა გოგატაძე