შალვა პაპუაშვილმა შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ 2008 წლის მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის გაავლო პარალელები.
"ჯერ კიდევ ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ თვითონვე მოაწერინეს ხელი, რომ ომი თავად დაიწყეს. აი, ეს არის ვასალების ბედი. ეს არის მარიონეტების ბედი. როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია. აი ეს არის ის განაჩენი, რომელსაც ყველა მარიონეტს, საბოლოო ჯამში გამოუტანს ისტორია.
ფაქტი ერთია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი მხარდაჭერით ამ რეზოლუციაზე აღიარა, რომ საომარ მოქმედებაში მისი ქმედებით გადავიდა ის კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.