"სამწუხარო რეალობაა, ვნახეთ, რომ გარკვეული სქემები არსებობდა იმის თაობაზე, როგორ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებთან "ქოლ-ცენტრების" საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი და საინტერესო ის არის, რომ ამას ის აკეთებდა თავისი აგენტის, ე.წ. ანიტა ხაბეიშვილის, იგივე ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით," - ამის შესახებ "ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.
"ის აქტიურობდა, მაგრამ ნაწილობრივ - მხოლოდ იმ ნაწილში, რაც მისთვის იყო საინტერესო, მაგრამ მეორე ნაწილში, რაც მას აწყობდა, რაც ეხმარებოდა ოპოზიციას და ამ რადიკალურ ძალებს, იქ ხდებოდა ირიბი, ირონიული ქმედებების განხორციელება, რაც კიდევე ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანები კავშირში იყვნენ ერთმანეთთან.
ეს იყო ფარსი - რომ თითქოს ვიღაცას რაღაცას აბრალებდნენ და, ამავდროულად, მეორე მხარეს გაქვს შენიღბული თამაში იმ მიმართულებით, რომ შენს მხარეზე ვინც არის და ვინც შენი დამფინანსებელია, იმას პირდაპირი დარტყმა არ მიაყენო. ალბათ, მადლობაც უნდა ვუთხრათ იმ საგამოძიებო ორგანოებს, რომ ასეთი სქემები, ვიღაცისთვის, შეიძლება, "ჩეკისტური", მაგრამ აბსოლუტურად გოიმური, გამოძიებული ხდება და სათანადო პასუხის გაცემა ხდება სწორედ ამ ადამიანებთან მიმართებაში," - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, - მათ შორის არის "ქოლ-ცენტრების" საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.
"ნეიტრალურ საქართველოში" საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური "ქოლ-ცენტრები" ხელშეუხებელი თემა იყო.