სოფელ მინაძეს წისქვილი წლების წინ ადგილობრივების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო. ფქვავდნენ სიმინდს, ხორბალს, თავს იქცევდნენ საუბრით. დღეს ამ წისქვილს უკვე იშვიათად თუ ჩართავენ. რაღაც გასაკეთებელია, რაღაც გამოსაცვლელი, თუმცა შიგადაშიგ რამდენიმე ტომარა სიმინდი მაინც იფქვება.
არადა, ეს წისქვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში, ფაქტობრივად, არ დაცარიელებულა. პატარა ნაგებობა სოფელ მინაძის ბოლო ათწლეულების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ალბათ არ არსებობს საქართველოში სოფელი, სადაც ზამთარში არაყი არ იხდება. გამონაკლისი არც მესხური სოფლებია. ხილის არაყიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ყურძნით გამოხდილი და ცივ ზამთარსაც უხდება.
აქაური არყის ხდა არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც კახეთში, თუმცა ქვაბის გარშემო რამდენიმე კაცი სულ არის.
მინაძის წისქვილიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ აწყვიტაშიც ფერმერებს შედარებით მშვიდი ზამთრის პერიოდი აქვთ. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია. ერთადერთი, რაც ზამთარში აუცილებელია, საქონლის მოვლაა.
რატი ივანიძეს აწყვიტაში თავისი პატარა ტურისტული ობიექტი აქვს. ტურიზმი ის სფეროა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთში არა ერთი ოჯახია ჩაბმული, მაგრამ ეს სეზონურია. ზამთარში აქ სტუმარი იშვიათია, სოფელიც საგრძნობლად იცლება.
სამაგიეროდ აქ ზამთარშიც არ ქვრება მესხური ღუმელი. სოფელში გამოსაზამთრებლად დარჩენილ მესხებს ერთმანეთში დიდი მიმოსვლა აქვთ.
აქა-იქ შემორჩენილი მეზობლები ასე იკრიბებიან და ერთმანეთს საოჯახო საქმეებშიც ეხმარებიან. ასე მშვიდად ატარებენ მესხები ცივ ზამთარს გაზაფხულის მოლოდინში, მთავარია მეზობლები ახლოს იყვნენ და ბუხარშიც ცეცხლი ენთოს.