07 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ყინულზე დაწერილი ისტორია - რა გზა გაიარა ფიგურულმა ციგურაობამ საქართველოში

რა გზა გაიარა ფიგურულმა ციგურაობამ საქართველოში - ზამთრის ოლიმპიური სახეობის თამაშები პირველად, 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დამატება. 1924-1992 წლებში ზამთრისა და ზაფხულის თამაშები პარალელურად ჩატარდა.

მას შემდეგ, ზამთრის თამაშები ზაფხულის თამაშებიდან 2 წლის ინტერვალში იმართება.

გაყინულ არხებზე ჰოლანდიელ მოციგურავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან ჩნდება.

ყინულზე ციგურებით ჰოლანდიაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში სრიალებდნენ. 300 წლის შემდეგ, XIX საუკუნის 40-იან წლებში, ფიგურული ციგურაობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და ჯერ ევროპის ქვეყანებში, შემდეგ კი, აშშ-სა და კანადაში გავრცელდა.

1850 წელს, ამერიკელმა ედუარდ ბუშნელმა, პირველმა გამოიყენა ფოლადისპირიანი ციგურები, რამაც ყინულზე მოხვევა და ტრიალი გააადვილა.

მეორე ამერიკელმა, ბალეტმაისტერმა ჯაქსინ ჰეინესმა კი, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში ვენაში ცხოვრობდა, ფიგურულ ციგურაობაში ბალეტისა და ცეკვის ელემენტები დაამკვიდრა.

Open photo

1676 წელს ჰოლანდიაშივე გამართულა პირველი ოფიციალური ტურნირი. იმ ხანებში სახელდახელო შეჯიბრებები ეწყობოდა სკანდინავიის ქვეყნებშიც, უმეტესად ნორვეგიაში, სადაც 1864 წელს შეიქმნა ციგურაობის მიმდევართა პირველი საზოგადოება. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნორვეგიელებმა კ. ვერნერმა და ა. პაულსენმა შექმნეს სპორტული სარბოლო ციგურები.

1865 წელს, სანქტ-პეტერბურგში მოეწყო პირველი საციგურაო მოედანი. იმავე პერიოდში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიხსნა ფიგურული ციგურაობის ათეულობით კლუბი.

იმ დროში ზამთრის მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის დაფუძნებას (1892) მოჰყვა ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებები, ციგურაობის შემდგომი განვითარება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მაშინდელი ტურნირების პროგრამაში შედიოდა ოთხი დისციპლინა (500, 1500, 5000 და 10000 მ) – ე.წ. კლასიკური მრავალჭიდი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო არანაკლებ სამი დისტანციის მოგება. ამის გამო ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული საერთოდ არ გამოვლენილა. მოგვიანებით ეს წესი შეცვალეს და ქულობრივი სისტემა შემოიღეს. 1972 წლიდან კლასიკურის პარალელურად, დამკვიდრდა სპრინტერული მრავალჭიდიც (2X500 და 1000 მ).

ზამთრის სპორტის სახეობები საქართველოში 1920-იანი  წლებიდან იღებს სათავეს, პირველი შეჯიბრებაც თხილამურებით რბოლაში, 1934 წელს ბაკურიანში გაიმართა. ფიგურულ სრიალს კი 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი.   

Open photo

ქართველებმა ყინულზე პირველად 1960 წლის 4 ნოემბერს ისრიალეს, მაშინ ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლის მოედანზე ხელოვნური ყინული დაიგო. ყინული მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისთვის საგანგებოდ მოამზადეს.

საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი მწვრთენლი ედუარდ პლინერი, 1960 წლის დეკემბრიდან მისმა შეგირდებმა მზადება ბაკურიანში დაიწყეს, სადაც ფიგურული მოციგურავეები გაყინულ ტაბზე ვარჯიშობდნენ. 

Open photo

გასული საუკნის 60-იან წლებში, მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობები განევითარებინა, რადგან ორ წელიწადში ზამთრის სპარტაკიადა უნდა ჩატარებულიყო და მოსამზადებლად დრო სჭირდებოდათ. შეიქმნა ჰოკეის გუნდიც, ყინულზე მორბენლების, ტრამპლინიდან მხტომელების, სამთო-სათხილამურო და მოციგურავეების ჯგუფები, ჩამოვიდა რამდენიმე მწვრთნელი რუსეთიდან და ასე დაიწყო ზამთრის სხვადასხვა სახეობის სპორტის განვითარება საქართველოში.

საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1961 წელს გაიმართა. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ირინა არხანგელსკაიამ და ირაკლი ჯაფარიძემ, რომელმაც შემდეგ (1963) სსრ კავშირის ჭაბუკთა პირველობაც მოიგო.

1964 წელს თბილისში  საქართველოში პირველი ხელოვნურსაფრიანი საციგურაო დარბაზი აშენდა

იქვე გაიხსნა სპორტული სკოლა (პირველი დირექტორი - ნოდარ ნათაძე), სადაც არაერთი ნიჭიერი მოციგურავე დაოსტატდა. ახალი თაობის ფიგურისტთა შორის გამოირჩეოდნენ მარინე ცერცვაძე და ლია გაბელია. ცერცვაძემ საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი - სალხოვი (1973, როსტოვი, სსრკ ჩემპიონატი), ზედიზედ ორჯერ (1975, 76) მოიპოვა სსრკ თასი. გაბელაია საუკეთესო იყო იუგოსლავიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (1976).

Open photo

70-80-იან წლებში საბჭოურ და ევროპულ შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი, ანდრეი ტოროსიანი.

პირველი ქართველი ფიგურული მოციგურავე, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში იასპარეზა(1994), ბესარიონ ცინცაძე იყო. შემდეგ სარბიელზე გამოჩნდა ვახტანგ მურვანიძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ტურნირში (1997) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში (2002) მე-17 იყო. 1999 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაება საქართველოს პირველი მოცეკვავეთა წყვილიც (თორნიკე ტუკვაძე, ტატიანა სინიავერი).

ელენე გედევანიშვილი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის სახეობათა ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

Open photo

ქართული სპორტის ისტორიაში გარდამტეხი იყო პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც საქართველოს ნაკრები რეიტინგის მიხედვით იმ ათ საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

ქვეყანაში იყო ისეთი წლებიც, როცა შესაბამისი პირობების არარსებობის გამო სპორტსმენებს ქვეყნის გარეთ უწევდათ ვარჯიში, ხშირად მიდიოდნენ ბათუმში, სადაც იმ დროისთვის გასაბერი ყინულის მოედანი იყო, რომელიც ხშირად დნებოდა.

ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც ყინულის მოედნები რამდენიმე ქალაქში მოეწყო, დაიწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საციგურაო დარბაზის მშენებლობა, გაიზარდა ფიგურულ ციგურაობაში მოვარჯიშეთა რიცხვი, ციგურულ ფედერაციას დიდი წარმატებები აქვს. ეროვნულ ნაკრებში გამოჩნდნენ ქართველი მოციგურავეებიც, რომლებმაც საქართველოში შეაბამისი პირობების არარსებობის გამო პირველი სპორტული ნაბიჯები სხვა ქვეყნებში გადადგეს.

ფიგურული ციგურაობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამას ხელს უწყობს ქართველი მოციგურვეების ბოლოდროინდელი წარმატებები. მათი გამოსვლები დიდ ასპარეზობებზე ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

სპორტსმენების თავდადებს გარდა, ეს ამ სახეობის ფედერაციის ხელმძღვანელობის სწორი და მიზანმიმართული შრომის შედეგია. ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი მასშტაბური ყინულის მოედანი შეემატა. 

Open photo

საქართველოს ისტორიაში პირველად, როცა ევროპის ჩემპიონი ქართველია

ქართველმა მოციგურავეებმა ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე დადეს და ორ დღეში ოქროს ასოებით დაიწერეს ისტორია. ორჯერ ამაყად აღიმართა ეროვნული დროშა და აჟღერდა ეროვნული ჰიმნი. 23 წლის ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, მოკლე და თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ურთულეს ნახტომებს ტრავმირებული ფეხით ასრულებდა. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კი სპორტულ ცეკვებში ისტორია დაწერეს.  

ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე იყო ბევრი უიმედო დღეები. რომ არა ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, მისი ხელმძღვანელის მონდომება და სახლმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა, ალბათ ნიკა ეგაძე და მასთან ერთად ქართველი ახალგაზრდა მოციგურავეები კარიერაში ამ უდიდეს წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. 

Open photo

ზამთრის ოლიმპიადა 2026 წელი

ბრწყინვალე მსოფლიო საჩემპიონო სტარტის შემდეგ, ჩვენმა სპორტსმენებმა ახლა მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ ასპარეზობაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში საქართველოს ნაკრები, ისეთი ქვეყნების გვერდით ასპარეზობს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, იტალია.

პატარა საქართველომ თავისი დიდი სათქმელი უკვე თქვა ოლიმპიადაზე. იტალიასთან ერთად ჩვენი ქვეყანა ევროპიდან ერთადერთია, რომლის წარმომადგენლებმაც წარმატების ისტორია დაწერეს.

დღის ამბები