2025 წლის თებერვალი, დიდი დიღომი - პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის დაკავებული სამი პირი თანამზრახველებთან ერთად 30 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებიან, ძალადობის პროცესს კი მობილური ტელეფონით იღებენ.
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის დაკავებული პირების სხვა დანაშაულებრივი ფაქტები პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თანამზრახველებთან ერთად მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფურ ძალადობას სისტემატურად აორგანიზებდნენ - კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. ყველაფერს მობილურით იღებდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.
პროკურატურამ ახალი ბრალდების წაყენების პარალელურად, 3 დაკავებულს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალიც დაუმძიმა, რასაც მოკლული მასწავლებლის ოჯახიც ითხოვდა. თავად დაკავებულების უფლებადამცველები კი საგამოძიებო უწყების მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების მიზეზს ვერ ხედავენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა ჩატარდა, გამოიკითხა ასამდე მოწმე და დადგინდა, რომ დაკავებულებმა ავალიანზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს 14 წლამდე, 1 პირს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება შსს-ში ისევ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.