"მივესალმებით ამ ზარს, ძალიან ნაყოფიერი, საჭირო, დროული ზარი იყო", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გუშინ, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
ლევან მახაშვილის თქმით, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ აღნიშნული ზარი დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას.
"ჩვენ, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ინტერესების შესაბამისად და გათვალისწინებით ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არაერთი სამუშაო პროცესი და შეხვედრა წარიმართა გასული თვეების განმავლობაში.
კარგია, რომ ეს სამუშაო შეხვედრა, ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება. მივესალმებით ამ ზარს, ძალიან ნაყოფიერი, საჭირო, დროული ზარი იყო. იმედი გვაქვს, რომ ეს ზარი დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო ზარს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის საუბრები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.
სატელეფონო საუბარი გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის შედგა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, რასაც მალევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური.
მისი განმარტებით, საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და პარტნიორული როლის განმტკიცებას.