სარკინიგზო ხაზი, რომელიც ულამაზეს ხეობას მიუყვება, ბორჯომში იწყება და დაბა ბაკურიანში სრულდება. სწორედ ამ გზაზე ემსახურებოდა მგზავრებს ყველაზე კოლორიტული ტრანსპორტი და ბორჯომ ბაკურიანის საფირმო ნიშანი - "კუკუშკა", რომელსაც ეს ზედმეტსახელი ორთქლის ძრავის სპეციფიკური ხმის გამო, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეარქვეს.
ყველასთვის ცნობილი ტრანსპორტი უკვე 6 წელია აღარ ფუნქციონირებს. ელმავლის და სამგზავრო ვაგონების რესურსი დიდი ხნის წინ ამოიწურა. 37 კილომეტრი სიგრძის ერთ-ერთ პირველ და ერთადერთ ვიწროზოლიან სარკინიგზო ხაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სიახლე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
საქართველომ რკინიგზის მოდერნიზება მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა. სწორედ ამიტომ შემუშავდა განვითარების სამწლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რკინიგზას 50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ახალი ვაგონი ექნება. შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება.
მალე ყველა მაგისტრალურ რეისზე მგზავრებს ახალი მატარებლები მოემსახურება. დაგეგმილია ათი ერთეული მატარებლის შეძენა, რომელიც გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის. საქართველოს რკინიგზას წელიწადის განმავლობაში 2 მილიონი მგზავრი გადაჰყავს, ცვლილების შედეგად კი ეს რიცხვი ხუთ მილიონამდე გაიზრდება.
საქართველოს რკინიგზას ახალი მიმართულებებიც ემატება. 17 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება თბილისი ახალციხის სარკინიგზო მიმოსვლა. სამცხე-ჯავახეთში ჩასვლა ექვსის ნაცვლად, 3 საათში იქნება შესაძლებელი. აგვისტოში დასრულდება თბილის-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაციაც. რკინიგზას ემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება.
საქართველოს სტრატეგიული არჩევანი გაკეთებულია. საერთაშორისო დაკავშირებადობა, ახალი მარშრუტები და რკინიგზის მოდერნიზება. მიღწეული პროგრესი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი რეგიონში.