05 ივნისი 2026,   18:28
ვრცლად
უნგრეთმა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზებს აღარ გასცემს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია უცხოელი მუშახელის შემოდინების დარეგულირებისკენ.

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ „ტისამ“ განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეწყვეტდა.

მთავრობის პრესსპიკერმა, ვანდა სონდიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უცხოელების დასაქმების შესაძლებლობებს ამკაცრებს, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ მათი დასაქმება ადგილობრივების ხელფასებზე ნეგატიურად აისახება.

ოფიციალური სტატისტიკით, უცხოელი დასაქმებულები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურების სფერო და წარმოება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათზე.

უნგრეთის მთავრობა ცვლის დადგენილებას, რომელიც დასაქმების სააგენტოებს ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მოქალაქეები გამარტივებული პროცედურით ჩაყვანის უფლებას აძლევდა.

ცვლილება ძალაში დღეიდან შედის.

ქვეყანაში უკვე მყოფ თანამშრომლებს კვლავ შეეძლებათ ვიზის ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა, ხოლო უკვე წარდგენილი მოთხოვნები ჩვეულებრივ განიხილება.

ხელისუფლება ამ რეფორმებს დაგეგმილი გრძელვადიანი გადაწყვეტის პირველ ნაბიჯს უწოდებს.

უნგრეთის ზოგიერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა განაცხადა, რომ უცხოელების შემოდინების სრული შეჩერება მძიმე დარტყმას მიაყენებს კომპანიებსა და მთლიანად ეკონომიკას.

დღის ამბები