არ დაიჯერებ... თუ როგორ იქცა ნიკა გვარამიას სიტყვები, ერთ დროს მისი მთავარი პოლიტიკური პარტნიორის მიმართ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციად.
კარიერაში ყველა პოლიტიკოსს აქვს გზა ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, ოპოზიციური ალიანსის ყველა წევრისთვის ეს გზა მიხეილ სააკაშვილზე გადის. უფრო სწორად ისტორიაზე, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯერ გადამრჩენელად შერაცხვიდან, ბოლოს მაოხრებელ გზირად წოდებამდე.
ჩერგოლეიშვილი ტრადიციულად მარტო არ არის, ცოლის პოზიციას ქმარიც იზიარებს, თუმცა ის უკვე არა ფეისბუქ პოსტით, არამედ სატელევიზიო ეთერიდან სდებს ბრალს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ლიდერს დადებული პირობის შეუსრულებლობაში.
ძალაუფლების მიღმა ყოფნის 12 წლის თავზე, ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიცია თავადვე გახდა ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ გაერთიანდნენ, დღეს ფეისბუქ წერილებით და სატელევიზიო ეთერებით ერთმანეთს ლანძღავენ. გვარამიას პირისპირ ფრონტის წინა ხაზზეა ანა წითლიძე, რომელიც პარტია "ახალის" ამჟამინდელ ლიდერს, ახლო წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" ბიუჯეტის გაფლანგვასა და ტელევიზიების გაკოტრებას აბრალებს.
ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, თუმცა, თავად "ნაციონალები" კვლავ კოალიციაში, იქ, სადაც სააკაშვილს ღიად ეუბნებიან, რომ მისი ადგილი არ არის, მისი თანაგუნდელებად მაინც რჩებიან. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ მისი ლიდერისა და პარტიის კრიტიკა უბრალოდ რთული ემოციური ფონით აიხსნება.
ყოფილი "ნაციონალების" მეტამორფოზა წარსულის გაშიშვლების მიზეზად იქცა. ახლა მიშას პარტიელები, ნიკას პარტიელებს ხმების მიტაცებაში ადანაშაულებენ. გვარამიას თანაგუნდელი ორსახელიანი ლიდერი კი მზადაა სიმართლის დასამტკიცებლად, ფაქტები კი არ მოიშველიოს არამედ ჯერ საჯაროდ დაიგინოს და შემდეგ ამავე გინებაზე დაიფიცოს.
ფეისბუქ პოსტების სია ვრცელია, წერილები კი გრძელი. შესაძლოა მორიგ შეურაცხმყოფელ გზავნილს რომელიმე ალიანსელი ამ წუთასაც წერდეს, თუმცა ამ საქმეში საინტერესო ისიცაა, რომ ისინი, ვინც ამ დრომდე თანაგუნდელების წერილების თარგმანში არიან დაკარგულები, კარგად ვერც ინგლისურიდან თარგმნიან. ოპოზიციური 9-იანის ლიდერის სამიზნე "ლელოც" აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზარაძის პარტიამ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი მოიწონა, გვარამიამ კი, გეგელია ტყუილში დაადანაშაულა.
გეგელია გვარამიას ინგლისურის ცოდნას უწუნებს. მიიჩნევს, რომ "ახალის" ლიდერმა ვერ წაიკითხა წინადადება - ფუნქციონალური დემოკრატია ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ პატივი უნდა სცენ ამომრჩევლის ხმას. უფრო კონკრეტულად კი, ის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ნულოვანი შედეგის მომტანია.
თარგმანში დაკარგულები, ერთობაში სუსტები, კოალიციაში კი არეულები - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გარე დავალებების შემსრულებელი, დაქსაქსული და დაპირისპირებული ოპოზიცია ყოველთვის და ყველგან მარცხისთვისაა განწირული.
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენები არ აკვირვებს არც მთავრობის მეთაურს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვამდე ოპოზიცია სასამართლოს ალიანსის ოფისში აწყობს, თან ამტკიცებს, რომ ერთობას ინარჩუნებენ.
თუმცა მათი ერთობა მორიელსა და ბაყაყზე ცნობილ იგავს უფრო ჰგავს: იძულებულნი არიან ერთად გადაცურონ პოლიტიკური მდინარე, მაგრამ გამუდმებით ეჭვობენ, ვინ ვის უღალატებს პირველი. გადარჩენის სურვილი და თვითდაზიანების ინსტინქტი ერთმანეთშია გადახლართული. ამიტომ, მთავარი კითხვა ის არის, ვინ აღმოჩნდება ამ პროცესის მოსამართლე და როგორი იქნება მისი საბოლოო ვერდიქტი.