სომხეთში, ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს, აღნიშნულ სავარაუდო დანაშაულში კი, სავარაუდოდ, ბლოკი "ძლიერი სომხეთი" მონაწილეობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ანტიკორუფციულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანტიკორუფციულ კომიტეტის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ "ძლიერი სომხეთის" ბლოკთან დაკავშირებულმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევისას, აირჩია ისეთი წევრები, რომლებიც დათანხმდნენ კორუფციულ გარიგებას და ანაზღაურებას სანაცვლოდ უზრუნველყოფდნენ, რომ ამომრჩეველთა კონკრეტული რაოდენობა ხმას "ძლიერ სომხეთს" მისცემდა.