გუშინ მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთხელ იხილა შთამბეჭდავი სანახაობა - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, რომელიც მრავალფეროვნებით, მასშტაბითა და შინაარსით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შოუდ დარჩება ისტორიაში.
შოუ ვიზუალური წარმოდგენით გაიხსნა - სტადიონის შიდა პერიმეტრზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები გამოჩნდა.
გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებითა და თანამედროვე სცენოგრაფიით გამოირჩეოდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლათინური და ამერიკული კომპოზიციები, რაც ტურნირის გლობალურ ხასიათს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.
ცნობილი და პოპულარული შემსრულებლების მიერ არაერთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ნომერი შესრულდა. განსაკუთრებული ყურადღება ლათინურმა რიტმებმა და ენერგიულმა საცეკვაო შოუმ მიიპყრო, რომელმაც სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ნამდვილი საფესტივალო განწყობა შეუქმნა.
გახსნის ცერემონია გრანდიოზული ფეიერვერკებითა და სტადიონის სპეცგანათების შოუს თანხლებით დასრულდა.
კანადის შემდეგ, გამთენიისას, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გადაინაცვლა, სადაც საფეხბურთო მარათონის ესტაფეტა მექსიკისა და კანადის მსგავსად კიდევ ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ გადაიბარა. ამერიკელების მიერ მოწყობილ შთამბეჭდავ გახსნის ცერემონიას ქვეყნის ნაკრების არანაკლებ შთამბეჭდავი თამაში მოჰყვა.
აშშ-პარაგვაი
ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა Sofi Stadium-ზე პარაგვაი 4:1 დაამარცხა. ამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მე-7 წუთზე პარაგვაის ნახევარმცველმა დამიან ბობადილიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 31-ე წუთზე ფოლარინ ბალოგუნმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში ეფექტური გოლით დუბლი გაიფორმა.
მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ამერიკელები თამაშის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდნენ. 73-ე წუთზე მაურისიომ სხვაობა შეამცირა, თუმცა პარაგვაელებმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 98-ე წუთზე ჯოვანი რეინამ დააფიქსირა. წარუმატებელი მატჩის მიუხედავად, გუსტავო ალფარო ჯგუფიდან გასვლის იმედს არ კარგავს და გულშემატკივარს თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ჰპირდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პარაგვაის ნაკრებთან გამარჯვებით, პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. D ჯგუფის მეორე შეხვედრა ავსტრალიასა და თურქეთს შორის ხვალ, დილის 8:00 საათზე დაიწყება.
ამერიკა - პარაგვაის მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ფოლარინ ბალოგუნი გახდა, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე პირველი დუბლი შეასრულა და ისტორიაში შევიდა. გოლების გარდა, განსაკუთრებული ისტორია თავად ბალოგუნსაც აქვს.
ის, რომ ამერიკის მოქალაქეა, სრულიად შემთხვევით მოხდა. 2001 წელს, როდესაც მისი წარმოშობით ნიგერიელი დედა ნიუ-იორკში დასასვენებლად იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნებისას ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ორსულობის გამო თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. შედეგად, ფოლარინ ბალოგუნის დედას ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენა მოუხდა. სწორედ ამიტომ ფეხბურთელი ბრუკლინში დაიბადა და ცხოვრების პირველი რამდენიმე თვე ამერიკაში გაატარა. მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ბალოგუნის საფეხბურთო კარიერა კი "არსენალის" აკადემიაში დაიწყო. მან ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი აშშ-ის ნაკრებზე გააკეთა.
კატარი-შვეიცარია
კალიფორნია კი მორიგი მატჩის მასპინძლობისთვის ემზადება. ქალაქ სანტა-კლარაში მდებარე Levi's Stadium-ი B ჯგუფის მეორე შეხვედრას - ყატარისა და შვეიცარიის დაპირისპირებას - უმასპინძლებს.
აზიური ნაკრები თავის ისტორიაში მეორე მუნდიალზე მიიღებს მონაწილეობას.
ხულიენ ლოპეტეგის გაწვრთნილი გუნდი 2022 წელს სამშობლოში დაფიქსირებული ცუდი შედეგის გამოსწორებას შეეცდება, თუმცა ჯგუფის შემადგენლობიდან და ბოლო პერიოდის ფორმიდან გამომდინარე, ამ მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება. კატარს ბოლო ექვს შეხვედრაში ორი ფრე და ოთხი მარცხი აქვს, თუმცა გუნდის ლიდერი აკრამ აფიფი მუნდიალს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. 2025/26 წლების სეზონში მან ქვეყნის ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავიანთ ისტორიაში მე-13 მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება შვეიცარიის ნაკრები. მურატ იაკინის გაწვრთნილი გუნდი მუნდიალს საუკეთესო ფორმაში ხვდება - ბოლო 14 მატჩში რვა გამარჯვება, ხუთი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. მათი დამარცხება მხოლოდ გერმანიამ შეძლო. ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე, შვეიცარია პირველ ადგილზე გასვლის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან სამივეზე მათ პლეი-ოფში გასვლა მოახერხეს.
მოახლოებულ შეხვედრას ორივე ნაკრები დანაკლისის გარეშე ხვდება. 52-ვე ფეხბურთელი მზად არის, 2026 წლის მუნდიალი წარმატებით დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ჯგუფის ფავორიტი და აუტსაიდერი უპირისპირდებიან, კატარი არაფრის დათმობას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით არ დაიწყოს.
ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა - გუნდს საწვრთნელი ინვენტარის მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰპარეს
დაკარგულ ნივთებს შორის აღმოჩნდა გუნდის ლიდერების - ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის - ბუცები. გარდა ამისა, ნაკრებმა თითქმის ყველა საწვრთნელი ბურთი დაკარგა და მათ განკარგულებაში მხოლოდ ერთი ბურთი დარჩა. ასევე მოიპარეს ტაქტიკური დაფები და სამწვრთნელო შტაბის სხვა ინვენტარი, რამაც მზადების პროცესში დამატებითი სირთულეები შექმნა. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ეჭვმიტანილთა შორის არიან მძღოლები, რომლებსაც ინგლისის ნაკრების ინვენტარი გადაჰქონდათ.
პორტუგალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა
ტურნირზე მეექვსე გამოსვლის წინ კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვნენ. პორტუგალია ჯგუფურ ეტაპს ჰიუსტონში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყებს, შემდეგ კი იმავე სტადიონზე უზბეკეთს შეხვდება. 27 ივნისს კი მაიამიში კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი