15 ივნისი 2026,   16:49
ვრცლად
როგორც კანონი, ასევე თავად დეპარტამენტი აღსრულების ნაწილში გააკეთებს ყველაფერს, რომ შეურაცხყოფები და ღირსების შელახვა არ გახდეს ნორმა - ნინო წილოსანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა დეპუტატის საჯარო პოსტზე შოთა თუთბერიძის მხრიდან დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე.

ნინო წილოსანის განცხადებით, როგორც კანონი, ასევე თავად დეპარტამენტი აღსრულების ნაწილში გააკეთებს ყველაფერს, რომ შეურაცხყოფები და ღირსების შელახვა არ გახდეს ნორმა და შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მიეცეს:

"საზოგადოების პატარა, აგრესიულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი საჯარო სივრცე, ისევე როგორც ონლაინ, ექცია შეურაცხყოფების და ღირსების შემლახავ გარემოდ. შესაბამისად, წლების მანძილზე ისინი შეურაცხყოფებს აყენებდნენ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს და ფაქტობრივად, ეს სივრცე ჰქონდათ გადაქცეული აგრესიულ სივრცედ. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი კანადაში ვიზიტის დროს, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ საქმიან პოსტზე, სრულებით შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა აღნიშნულმა პიროვნებამ. რის შედეგადაც, სააგენტომ და შესაბამისმა დეპარტამენტმა მიიღო ზომები და როგორც ჩანს, ამ ადამიანს უწევს პასუხი აგოს თავის მიერ გამოთქმულ შეურაცხყოფებზე.

მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს, რომლებიც იმდენად უმორალო და უსტანდარტოები არიან, რომ ნამდვილად შეიძლება გინება და შეურაცხყოფა ნორმად მიაჩნდეთ. როგორც კანონი, ასევე თავად დეპარტამენტი აღსრულების ნაწილში გააკეთებს ყველაფერს, რომ შეურაცხყოფები და ღირსების შელახვა არ გახდეს ნორმა და შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მიეცეს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ, მუშაობა პირველი ივნისიდან დაიწყო. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგია.

დღის ამბები