საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, მონაწილეობა მიიღო კომპანია „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ემიტენტების გამოჩენა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ როლს კომპანიებისთვის გრძელვადიანი რესურსების მოზიდვის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ტენდენცია, ერთი მხრივ, ბიზნესს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებს საინვესტიციო ინსტრუმენტების უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სექტორული წარმომადგენლობის გაფართოებაზეც და აღნიშნა, რომ „ნუტრიმაქსი“ ცხოველთა საკვების წარმოების სექტორიდან პირველი კომპანიაა, რომელმაც საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე მიმოიხილა კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე არსებული დინამიკა და აღნიშნა, რომ 2025 წელი ემისიების მოცულობით რეკორდული იყო. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, „ნუტრიმაქსის“ ემისიის ჩათვლით, ხუთი ემიტენტის მიერ საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 330 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
„ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ მნიშვნელობას კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში. ამასთან, ეს ინვესტორებისთვის უფრო მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
„ნუტრიმაქსის“ მიერ გამოშვებული 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები 2 წლიანი ვადიანობისაა. ემისიიდან მიღებული სახსრები კომპანიას არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებისთვის მოხმარდება. ფასიანი ქაღალდები სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.
„ნუტრიმაქსი“ საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანია საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებს.