18 ივნისი 2026,   00:46
ვრცლად
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციული სქემა - იძებნება ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც თანამდებობაზე თითქმის 8-წლიანი ყოფნის განმავლობაში 17 მილიონ ლარზე მეტი მიითვისა

რკინიგზის კორუფციულ საქმეზე დაკავებულ ანზორ ჯამალაშვილს, საკუთარ სახლში დარეგისტრირებული ჰქონდა შპს "გრანდ კახეთი".

მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ჯამალაშვილის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ, თანასოფლელები კი "კურიერს" უყვებიან, რომ დაკავებულს საწარმო ჰქონდა, თუმცა, მისი საქმიანობის დეტალები არ იციან.

საცხოვრებელი სახლის მისამართზე ჰქონდა რეგისტრირებული შპს "ნოვა ტრანსი" კიდევ ერთ დაკავებულს. გიორგი კურტანიძის თანასოფლელები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მის სახლთან საგამოძიებო უწყების თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

რკინიგზის კორუფციულ საქმეზე დაკავებულ 6-ვე პირს დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალს მხოლოდ რევაზ რევაზიშვილი აღიარებს. დანარჩენი დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. უცნობია "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის პოზიცია, მას და კიდევ ერთ პირს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ და მათზე ძებნა გამოცხადდა.

სახელმწიფო ბრალდებას თითქმის 50-ტომიან საქმეზე არაერთი მტკიცებულება აქვს დართული. მოსამართლემ დღეს სწორედ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რკინიგზაში არსებული კორუფციული სქემა სუს-მა გაშიფრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გაყალბებული დოკუმენტებით 22 000 ტონაზე მეტ შავ ლითონს დაეუფლნენ, რითაც საქართველოს რკინიგზას დიდი ოდენობით, 17 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი მიადგა.

ვინ დგას რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი, დავით ფერაძე და ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ და სწორედ ამ დროიდან ჩამოუყალიბდათ მათ ახლო ურთიერთობა. დავით ფერაძეს, რომელიც რკინიგზას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მას და დანარჩენ 7 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები