01 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - თინა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურად აცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, არალეგიტიმურად, 2 დღის წინ მის გარეშე ჩატარებული პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამოაცხადა. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ დახურულ შეხვედრაზე რეალურად კვორუმი ვერ შედგა, რადგან პოლიტსაბჭოს 130 ის ნაცვლად, მხოლოდ 40 წევრი ესწრებოდა. სააკაშვილის პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ეჭვს უმყარებს ისიც, რომ გენერალურმა მდივანმა მისთვის სხდომის ოქმის გადაცემაზე უარი განაცხადა. ბოკუჩავა ირწმუნება, რომ პეტრე ცისკარიშვილმა ხელმოწერები მიხეილ სააკაშვილის დავალებით გააყალბა. ამბობს იმასაც, რომ პოლიტსაბჭოს სხდომასთან ერთად, არალეგიტიმური იქნება ყრილობაზე უახლოეს 4 დღეში მიღებული გადაწყვეტილებებიც.

მოქმედი თავმჯდომარის მძიმე ბრალდებებს, მთავარი ადრესატი დღეს არ გამოხმაურებია. პეტრე ცისკარიშვილი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ბოკუჩავასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილი 2 დღის წინ გახდა. ცისკარიშვილმა ღიად თქვა, რომ პარტია, თავმჯდომარის დღის წესრიგს ვერ მოერგება.

ცისკარიშვილთან ერთად, მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის კარი, სააკაშვილის გუნდის სხვა ლიდერებმაც საბოლოოდ დაუხურეს. ანა წითლიძემ, თინა ბოკუჩავას უმძიმეს ბრალდებებს სოციალური ქსელით უპასუხა და დაწერა, რომ მიმავალმა თავმჯდომარემ პარტიული სავარძლის შესანარჩუნებლად არასწორი და უშედეგო გზა აირჩია.

ასე ფიქრობს სააკაშვილის რჩეულიც- ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მასსა და ბოკუჩავას შორის დაწყებულ პოლიტიკურ თამაშში თავს უკვე მოგებულად მიიჩნევს. მსჯავრდებულის ფავორიტი, რომელიც მსჯავრდებულის მსგავსად რევოლუციური იდეებითაა შეპყრობილი, დღესაც ირწმუნება, რომ პარტიას პოლიტიკური აჯანყება თავად მოქმედმა თავმჯდომარემ მოუწყო.

"ნაციონალური მოძრაობა" ანტისახელმწიფოებრივი, რადიკალური ძალაა სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტიაში არსებული პოლიტიკური განხეთქილების ლოგიკური დასასრული, მათი პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაქრობა იქნება.

განადგურებამდე ნაციონალური მოძრაობა ურთიერთბრალდებების სერიამ და სააკაშვილის დირექტივებმა მიიყვანა - ამას ამბობს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყრილობაზე არალეგიტიმური გადაწყვეტილებების გაფორმების შემთხვევაში, "ნაციონალების" საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს გააფორმებენ.

დღის ამბები