01 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
მასშტაბური მიგრაციული კრიზისი სეუტაში - 60 000 არალეგალი და ესპანეთის სპეცოპერაცია საზღვარზე

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, სამოქალაქო გვარდიამ და სამხედროებმა სასაზღვრო ზონაზე კონტროლის აღდგენის ოპერაცია გვიან ღამით დაიწყეს. ფორმიანები განლაგდნენ ქუჩებში, სასაზღვრო ზოლის პერიმეტრსა და იმ ადგილებზე, სადაც მიგრანტების ჯგუფები იყვნენ შეკრებილები. მთავარი ამოცანა, სეუტაში უკანონოდ შეჭრილი ათიათასობით ადამიანის მაროკოში დაბრუნება იყო. სეუტას ქუჩებში პოლიციამ მიგრანტების ჯგუფები ტარახალის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ წაიყვანა. რამდენიმე საათში ათიათასობით ადამიანი კვლავ სამშობლოში აღმოჩნდა, სადაც მათ უსაფრთხოების ძალები დახვდნენ.

ცნობილია ჰუმანიტარული კრიზისის პირველი შედეგები. მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში, ზღვითა და ხმელეთით, 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი გადავიდა. არალეგალურად შემოსულთა შორის ათასობით ქალი და ბავშვი აღმოჩნდა. საზღვრის გადაკვეთის მცდელობას სულ მცირე 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღამის განმავლობაში ათასობით ადამიანი საკვებისა და თავშესაფრის გარეშე ქუჩაში დარჩა. უსაფრთხოების რისკების გამო, პოლიციის რეკომენდაციით, ქალაქში სავაჭრო ობიექტების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა, ადგილობრივები კი სახლიდან გასვლას ერიდებოდნენ. მიგრანტთა მიმღები ცენტრები კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა.

სეუტაში ჩავიდნენ ესპანეთის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ კრიზისის მასშტაბებს. მათ ხელისუფლება საზღვარზე კონტროლის დაკარგვაში დაადანაშაულეს და პედრო სანჩესის მთავრობა უმოქმედობაში ამხილეს.

კრიზისის ფონზე, იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა.

მადრიდმა რომის ქმედებებს "დემაგოგია" უწოდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარა. პედრო სანჩესმა კი სოციალურ ქსელში იტალიელ კოლეგას სტატისტიკა შეახსენა.

სეუტაში განვითარებულ მოვლენებს "კატასტროფა" უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის შეფასებით, მომხდარი სუსტი კანონების, არასწორი მმართველობისა და ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის შედეგია.

სიტუაციას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბარნემიც. ოფიციალური ლონდონი კრიზისს "შემაშფოთებელს" უწოდებს და ვითარების შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს.

მომხდარის მიზეზებს მედია ასახელებს. "თაიმი" წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას აეკრძალა ზღვით შემოსული მიგრანტების დაუყოვნებლივ, სათანადო იურიდიული პროცედურების გარეშე უკან სამშობლოში გაბრუნება. ეს ამბავი მაროკოს სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ბევრს გაუჩინა მოლოდინი, რომ სეუტაში ცურვით ჩასვლის შემთხვევაში, მათ ესპანეთში დარჩენის გარანტია ექნებოდათ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები