20 ივნისი 2026,   00:48
ვრცლად
პირველი ოფიციალური ვიზიტი 32 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის შეხვედრები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

უმაღლეს დონეზე პირველი ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრი დახვდა.

აეროპორტიდან ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, მთავრობის წევრების მონაწილეობით გაგრძელდა. ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის სამომავლოდ დიდი პოტენციალი არსებობს.

საქართველოსა და ტაჯიკეთის მხარეებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით მარიამ ქვრივიშვილმა სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტები ტურიზმის სფეროში, საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შეთანხმებებს მოიცავს. მემორანდუმი გააფორმა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელიც კოლეგა მინისტრს შეხვდა და მასთან "შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა.

ტაჯიკეთის მხარესთან მემორანდუმებით გათვალისწინებული შეთანხმებები გაფორმდა ასევე განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. მინისტრების განცხადებით, ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს სექტორული პარტნიორობის გაძლიერებას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დიალოგს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

დუშანბეში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმაც უმასპინძლა. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პერსპექტივები, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროები, მხარეებმა მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს.

საქართველოდან პირველი მაღალი დონის ვიზიტის პატივსაცემად, ტაჯიკეთის დედაქალაქში შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

დღის ამბები