პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში არის ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც არავის ეპატიება.
კაროლ ნავროცკიმ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - "თეთრი არწივის ორდენი" ჩამოართვა. ამის შესახებ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის გამოც მან ეს ჯილდო უკან გაითხოვა. კონფლიქტის მიზეზი კი ისტორიული წარსული გახდა:
"პოლონელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკრაინის ამბოხებულთა არმია (UPA) პირველ რიგში ასოცირდება იმ სასტიკ დანაშაულებთან, რომლებიც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს. UPA-მ სულ მცირე 100 ათასი პოლონელი გამოასალმა სიცოცხლეს. ამიტომ, როდესაც უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს ამ დამნაშავეების სახელს არქმევენ, ეს უკვე სცილდება უკრაინის შიდა საქმეებს და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა," - განაცხადა ნავროცკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა არ ნიშნავს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლას და პოლონეთი კვლავინდებურად დაუჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში.
ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა. მან პოლონეთის პრეზიდენტის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა:
"ძალიან დასანანია, რომ ვარშავაში ემოციებმა სძლია გონებას. ამან პოლონელ პოლიტიკოსებს აიძულა გადაედგათ გაუმართლებელი, იმპულსური და შეურაცხმყოფელი ნაბიჯი - თანაც არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ," - დაწერა მინისტრმა.
სოლიდარობის ნიშნად, თავად სიბიჰამაც უარი თქვა პოლონურ ჯილდოზე - "პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" ორდენის კომანდორის ჯვარზე, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს.
"ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯების ფონზე, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ჩემთან შევინარჩუნო პოლონეთის ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო. მას უახლოეს მომავალში უკან დავაბრუნებ," - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.