"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გამართეს.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ერთ-ერთი კითხვა, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს შეეხო. კითხვის პასუხად, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა, რომ იმ ყოველივეს მოპოვება, რომელიც უვიზო მიმოსვლას და კანდიდატის სტატუსს ეხება, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოხდა.
გარდა ამისა, გრიგოლიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება:
"დაწყებული უვიზო მიმოსვლით, გაგრძელებული კანდიდატის სტატუსით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ ყოველივეს მოპოვება. თუმცა, მეორე მხრივ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება. ჩვენი ნაბიჯები უნდა იყოს, როგორც ფრთხილი, ასევე ღირსეული და იმისკენ მიპყრობილი, რომ სუვერენიტეტი და მშვიდობა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნავს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი.
წყალტუბოში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი ცოტნე ივანიშვილი, ლაშა ტალახაძესთან და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ესწრებოდა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პარტიის წევრებისგან ინფორმაცია არაერთ საინტერესო პროექტზე მიიღეს, რომლებსაც სახელმწიფო სპეციალურად მათთვის ახორციელებს.