სააკაშვილი ისევ იმუქრება. ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებით. მაშინ როცა მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტს საკუთარი პარტია ენგრევა, სამიზნეს "ქართულ ოცნებაზე" ასწორებს და ქართველი ხალხის არჩევანზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებს. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მუქარის რიტორიკა და უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედება მმართველ გუნდს არ უკვირს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები მუდმივად გარე ძალების ინტერესებით მოქმედებენ.
სასამართლო პროცესი სააკაშვილმა ისევ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მაშველი რგოლის როლი ამჯერად შეერთებულ შტატებს მოარგო და დაიმუქრა, რომ "ქართულ ოცნებას" ამერიკა დასჯის.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება მმართველი გუნდისთვის იმის აღიარებაა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამომრჩევლის გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" თვითგადარჩენის რეჟიმშია.
რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი ის, რაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს? სააკაშვილის არეულ პარტიაში დღეს საკუთარი ლიდერის დაცვა სცადეს. თუმცა პოზიციები აქაც აირია, განაცხადეს, რომ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პატიმარს ის არ უგულისხმია, რაც თქვა.
სააკაშვილს რომ წარსულსა და არეულ პრიორიტეტებს საზოგადოება არ პატიობს, ეს არჩევნების შედეგებმა არაერთხელ დაამტკიცა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ახლა ცდილობს აქტუალობა უცხოელი აქტორების თვალში მაინც არ დაკარგოს.
სააკაშვილის მუქარა რეალობად ვერასდროს იქცევა, "ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ ქვეყნის ინტერესებსა და ქართველი ხალხის არჩევანზე წინ ვერავინ და ვერაფერი დადგება.