20 ივნისი 2026,   20:03
ვრცლად
წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა - თორაძის საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა სამი კვირის განმავლობაში საერთაშორისო სცენის გამორჩეული მუსიკოსები გააერთიანა

დავით თორაძის სამშობლოში დაბრუნებული ნაწარმოები, რომელიც მან შვილს - ლექსო თორაძეს დაუწერა იმ სიმბოლურ აკორდად იქცა, რომლითაც ფესტივალი მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი, ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები და ცნობილი პიანისტი ედიშერ სავიცკი წარდგნენ. კონცერტს მუსიკალური სამყაროს გამორჩეული ფიგურა ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. საღამოზე დავით თორაძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის და პიოტრ ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონია შესრულდა.

სამი კვირა, რვა კონცერტი და საერთაშორისო სცენის გამორჩეული მუსიკოსები. წლევანდელი პროგრამა სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს, მასტერკლასებს, წიგნისა და აუდიო ჩანაწერის წარდგენებს მოიცავდა.

ფესტივალმა თბილისსა და თელავში ქართული ხალხური და ბაროკოს მუსიკით დაწყებული, მასშტაბური კლასიკური საღამოებით დასრულებული - მსმენელს განსაკუთრებული კონცერტები შესთავაზა.

კულტურის სამინისტროს, ფონდ "ქართული გალობის" მხარდაჭერითა და "თორაძის ფონდის" ორგანიზებით გამართული ფესტივალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად ითვლება.

მეოთხე წელია, საქმიანობას მთავარი მისიით განაგრძობს და მუსიკალური აღმოჩენებისა და საერთაშორისო კულტურული დიალოგის უმნიშვნელოვანეს ცენტრად რჩება.

კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტისა და პედაგოგის, ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი საღამო ქართული სცენის ლეგენდას ნანი ბრეგვაძეს მიეძღვნა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები