21 ივნისი 2026,   00:26
ვრცლად
კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და გინეკოლოგები - რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათთან ეფექტიანი ბრძოლა - ამ მიზნით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოქალაქეებისთვის სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა. მოქალაქეებმა ისარგებლეს ასევე კვლევებით B და C ჰეპატიტებზე.

სამედიცინო აქციის ფარგლებში პაციენტებს კონსულტაციები გაუწიეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა, მათ შორისდ კარდიოლოგებმა, ნეიროქირურგებმა და გინეკოლოგებმა. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ჯანმრთელობას დაეთმო. აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - სწორედ ამ მიზნით სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს პერიოდულად უფასო სამედიცინო მომსახურებას. რუხის სამედიცინო დაწესებულებაში გამართული აქციაც იმ სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინოო აქციაში მონაწილეობა საოკუპაციო ხაზის მიღმა, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს. სამედიცინო გამოკვლევებითა და მაღალტექნოლოგიური მომსახურებით ისარგებლეს დევნილმა ოჯახებმაც.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებულ სამედიცინო აქციაში ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ექიმებმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსნეს პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა და ის რომ დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები