23 ივნისი 2026,   02:03
ვრცლად
აშშ და ირანი მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე - შვეიცარიაში გამართული რაუნდი კონკრეტული შედეგებით დასრულდა

ბიურგენშტოკში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კონკრეტული შედეგებით დასრულდა - მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და საკომუნიკაციო ხაზის ამოქმედება შეათანხმეს. ომის დასრულების 60-დღიან გეგმას სპეციალური კომისია გააკონტროლებს, რომელიც მხარეებსა და მედიატორებს პერიოდულ ანგარიშსაც წარუდგენს.

შვეიცარიაში, კატარისა და პაკისტანის შუამავლობით გამართულ დიპლომატიურ რაუნდზე, მოლაპარაკებების მთავარი თემა იმ ჩარჩო შეთანხმების პირობების შესრულება იყო, რომელსაც შტატებმაც და ირანმაც ხელი უკვე მოაწერეს. ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - თეირანმა საბოლოოდ უნდა თქვას უარი ბირთვულ პროგრამაზე.

იმის მიუხედავად, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ირანს ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარის თქმას ავალდებულებს, ისლამური რესპუბლიკა ურანის გამდიდრების უფლების დათმობას არ აპირებს.

უთანხმოების კიდევ ერთი საგანია მემორანდუმში შეტანილი პირველი პუნქტი, რომელიც ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევის მოტივით, თეირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.

ზავის მიუხედავად, ლიბანის საზღვარზე საომარი მოქმედებები გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ქვეყანაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა. "ცახალში" განმარტავენ, რომ იერიშები რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მხრიდან ისრაელის პოზიციებზე თავდასხმების საპასუხო ნაბიჯია.

ირანსა და შტატებს შორის დადებულმა შეთანხმებამ, საერთაშორისო მედიის შეფასებით, ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის სტრატეგიული უთანხმოება გამოიწვია. "გარდიანი" წერს, რომ ისრაელისთვის ირანიდან მომდინარე საფრთხე არ აღმოფხვრილა, ისლამური რესპუბლიკა კი კონფლიქტიდან გაძლიერებული გამოდის.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები