23 ივნისი 2026,   12:07
ვრცლად
მოსწავლეთა იდეების კონკურსი "შენი იდეა ტყისთვის" დასრულდა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა იდეების კონკურსი - "შენი იდეა ტყისთვის" დასრულდა.

კონკურსი პროექტის "საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia"-ს ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართვას ტყის დაცვის, აღდგენისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით ინოვაციური იდეების შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ინდივიდუალურად წარადგინეს საკუთარი იდეები. მონაწილეთა ნამუშევრები შეეხებოდა ტყის დაცვისა და აღდგენის, ტყის ხანძრების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საკითხებს.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა იდეები ონლაინ ფორმატის საშუალებით წარმოადგინეს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულმა ფინალისტებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ფინალური ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები, ემსჯელათ ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე და გაცნობოდნენ სფეროს სპეციალისტების გამოცდილებას.

კონკურსის ფინალისტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებში შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს და ეწვივნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, სადაც ადგილზე გაეცნენ ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობასა და დაცვის პრაქტიკულ საკითხებს.

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. მათ გადაეცათ სასაჩუქრე ვაუჩერები და სერთიფიკატები.

დღის ამბები